ედი რედმეინი ოსკარზე ნომინირებული რეჟისორის, ჰიროკაძუ კორე-ედას ახალი ფილმის მთავარ როლს შეასრულებს. Searchlight Pictures-ის მიერ პროდიუსირებული პროექტი, რომელსაც ჯერჯერობით სახელი არ აქვს, ინგლისურ ენაზე გადაიღება. ამ დროისთვის სიუჟეტის დეტალები გასაიდუმლოებულია. Deadline-ის ინფორმაციით, ედი რედმეინი ცნობილი იაპონელი რეჟისორის, ჰიროკაძუ კორე-ედას შემდეგ ფილმში ითამაშებს. მომავალი პროექტის პროდიუსერი Searchlight Pictures იქნება და ის ინგლისურ ენაზე გადაიღება. რედმეინი ასევე იქნება ფილმის პროდიუსერი. სცენარი კორე-ედამ დაწერა და თავადვე იქნება რეჟისორი, ხოლო ჯონათან კინგი და ეშ საროჰია პროდიუსერებად მოევლინებიან. ჯოის ჯუნი და კაორუ მაცუზაკი აღმასრულებელი პროდიუსერების როლს შეასრულებენ. ეს უსათაურო პროექტი რედმეინისა და კორე-ედას პირველი თანამშრომლობა იქნება. სიუჟეტის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ არ გავრცელებულა. აღნიშნული პროექტი ემატება რედმეინის დატვირთულ გრაფიკს, რომელიც სამსახიობო კარიერის პარალელურად, პროდიუსერულ საქმიანობასაც ავითარებს. ის ახლახან მუშაობდა ტელესერიალზე „ჯაკალის დღე“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა და აღმასრულებელი პროდიუსერიც იყო. გარდა ამისა, 44 წლის მსახიობმა თეატრალურ პროდიუსინგშიც მიაღწია წარმატებას. რედმეინმა ხელი შეუწყო ვესტ-ენდის სპექტაკლ „კაბარეს“ განახლებული ვერსიის დადგმას, რომელშიც ჯესი ბაკლი მონაწილეობდა, თავად კი სცენაზე კონფერანსიეს როლით დაბრუნდა. ამ დადგმამ დიდი მოწონება დაიმსახურა და ოლივიეს შვიდი ჯილდო მოიპოვა. ლონდონში წარმატებული ჩვენების შემდეგ, სპექტაკლი ბროდვეიზე გადავიდა, სადაც ტონის ცხრა ჯილდოზე იყო ნომინირებული. გარდა ამისა, მსახიობი მონაწილეობას მიიღებს Warner Bros.-ის მომავალ პროექტში „ფრთხილად, პანიკა“ (Panic Carefully), სადაც ჯულია რობერტსთან ერთად გამოჩნდება. რაც შეეხება კორე-ედას, ეს ფილმი მისთვის კიდევ ერთ საერთაშორისო პროექტს წარმოადგენს კარიერაში, რომელმაც უკვე მოიპოვა გლობალური აღიარება. მისი 2018 წლის ფილმმა „მაღაზიის ქურდები“ კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა, მოგვიანებით კი ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაცია მიიღო.