„ეს მაშინ დასრულდება, როცა მე ვიტყვი, რომ დასრულდა! მანამდე კი... თავაზიანობა იქონიეთ!“ – ამ სიტყვებით იწყება KVN Production-ის მიერ გამოქვეყნებული ინდური სამოქმედო ფილმის „ტოქსიკი“ (Toxic: A Fairytale for Grown-Ups) პირველი, შთამბეჭდავი თიზერ-ტრეილერი. ფილმის რეჟისორია გიტუ მოჰანდასი. „როკ-ვარსკვლავი“ იაში ამ ფილმში ორ მთავარ პერსონაჟს – რაიასა და რუმის – ასახიერებს (ის ასევე არის სცენარის თანაავტორი და პროდიუსერი). „ტოქსიკი“ არის სამოქმედო თრილერი, რომელიც ვითარდება გოაში, 1940-იანი წლების დასაწყისიდან 1970-იან წლებამდე. იგი მოგვითხრობს კაცის ტრანსფორმაციაზე, რომელიც აშენებს კრიმინალურ იმპერიას დაცემული კოლონიალიზმისა და ადგილობრივი კრიმინალური სინდიკატების აღზევების ფონზე. ეს ამაღელვებელი ამბავი ვითარდება წარსულ ეპოქაში, გოას სანაპირო სამოთხეში, სადაც მძლავრი ნარკოკარტელი მართავს ძაფებს მზით გაჟღენთილი პლაჟებისა და ცოცხალი კულტურის ფასადის მიღმა. ეს არის მე-20 საუკუნის განგსტერული ფილმი. გადაღებულია როგორც მალაიალამურ, ასევე ინგლისურ ენებზე და მსოფლიო მასშტაბით მარტში გამოვა. იაშის გარდა, ფილმში მონაწილეობენ კიარა ადვანი, ნაიანთარა, ჰუმა ქურეში, ტარა სუტარია და რუკმინი ვასანთი. კადრები გაცილებით დახვეწილი და ელეგანტური ჩანს, ვიდრე სხვა დიდი ინდური სამოქმედო ფილმები, მკაფიო ფერებით, სუფთა CGI-ით და მასშტაბური სამოქმედო სცენებით. გარდა ამისა, ის უკიდურესად სასტიკი და სისხლიანია – ეს ტრეილერი ნამდვილად არაფერს მალავს. სამოქმედო ფილმების მოყვარულებმა აუცილებლად უნდა ნახონ ეს კადრები. „ტოქსიკი“ არის დაუნდობელი სამოქმედო თრილერი, რომელიც სამოთხის მიღმა არსებულ სიბინძურეში იძირება. ძალაუფლება არ გაიცემა – ის ხელშია ჩაგდებული და ყოველთვის მოითხოვს გადახდას. როდესაც კონტრაბანდის მარშრუტები ბრძოლის ველებად იქცევა, ხოლო ერთგულება ეჭვში გადაიზრდება, პარანოია გადარჩენის საშუალებად იქცევა. საბოლოო ჯამში, მისი არჩევანის შედეგებზე ძლიერი ერთადერთი ძალა მის შიგნით არსებული უფსკრულია. „ტოქსიკი“, ასევე ცნობილი როგორც Toxic: A Fairytale for Grown-Ups, არის ინდოელი მსახიობისა და რეჟისორის, გიტუ მოჰანდასის სამოქმედო ფილმი, რომელსაც მანამდე გადაღებული აქვს ფილმები „მეტყუილის კამათელი“ (Liar's Dice) და „უფროსი“ (The Elder One). სცენარი იაშმა და გიტუ მოჰანდასმა დაწერეს. ფილმის პროდიუსერები არიან იაში და ვენკატ კ. ნარაიანა. პროექტი განხორციელდა KVN Productions-ისა და Monster Mind Creations-ის მიერ. გადაღებები მიმდინარეობდა ბენგალურუში, მუმბაიში, გოაში, თუთუქუდიში და ჯაიპურში. KVN-ი იაშისა და მოჰანდასის სამოქმედო ფილმ „ტოქსიკის“ მსოფლიო პრემიერას 2026 წლის 19 მარტს გამართავს.