მეთ სელმანმა ისაუბრა „სიმფსონების“ მომავალზე, მაშინ როცა საკულტო ანიმაციური სერიალი ისტორიულ მოგზაურობას აგრძელებს. მრავალწლიანმა შოურანერმა განმარტა, თუ რატომ არ დასრულდება სერიალი ტრადიციული გამოსამშვიდობებელი ეპიზოდით, მაშინაც კი, თუ ის ოდესმე დასრულდება. სერიალ „სიმფსონების“ შოურანერმა მეთ სელმანმა განაცხადა, რომ სერიალი „არასდროს“ გამოუშვებს ტრადიციულ ფინალს, მაშინაც კი, თუ ის დასრულდება. „დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ჩვენ გადავიღეთ ეპიზოდი, რომელიც სერიალის ფინალის პაროდიას წარმოადგენდა. ჩვენ შევაჯამეთ სერიალის ფინალის ყველა შესაძლო კონცეფცია ერთ შოუში, ასე რომ, ეს იყო ჩემი გზა იმის სათქმელად, რომ ჩვენ არასდროს გვექნება სერიალის ფინალი“, - განუცხადა სელმანმა TheWrap-ს. მან დაამატა: „ჩვენ სერიალის შუა პერიოდში გადავიღეთ დასკვნითი ეპიზოდი, რომელიც დასცინოდა ყველაფრის შეჯამების ან დასრულების იდეებს“. სელმანის თქმით, შოუს დასრულების შემთხვევაში, მას გამოსამშვიდობებელი სიუჟეტი არ ექნება. „თუ შოუ ოდესმე დასრულდება, ფინალი არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ ჩვეულებრივი ეპიზოდი ოჯახის მონაწილეობით. ალბათ აქა-იქ პატარა „სააღდგომო კვერცხი“ (Easter egg) იქნება, მაგრამ არ იქნება „მომენატრება ეს ადგილი“ (I’m going to miss this place) ტიპის ფრაზები“. მან ასევე განმარტა შოუს სტრუქტურა და განაცხადა: „შოუ არ უნდა შეიცვალოს. პერსონაჟები ყოველ კვირას „გადატვირთვას“ განიცდიან. ეს „ზაზუნის დღესავითაა“ (Groundhog Day), მაგრამ მათ ეს არ იციან — და არც ისე ხშირად კვდებიან“. 37-ე სეზონის, მე-14 ეპიზოდმა, სახელწოდებით „არარაციონალური განძი“ (Irrational Treasure), Fox-ზე შოუს მე-800 ეპიზოდი აღნიშნა. სერიალის დებიუტი 1989 წლის დეკემბერში „ტრეისი ულმანის შოუს“ (The Tracey Ullman Show) ნაწილად შედგა. ის კვლავ ჰომერ, მარჯ, ბარტ, ლიზა და მეგი სიმფსონების თავგადასავლებს მიჰყვება. „ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ყოველი ცალკეული ეპიზოდი იყოს საკუთარი საოცარი პატარა მინი ფილმი, რომელიც დამოუკიდებლად არსებობს და ორიგინალურია სხვა 799 ეპიზოდისგან“, - თქვა სელმანმა. „ეს რთული გამოწვევაა, მაგრამ ძალიან სახალისო გამოწვევაა, ორიგინალურობისკენ სწრაფვა“. სელმანი შოუს 1997 წელს შეუერთდა და 2005 წელს აღმასრულებელი პროდიუსერი გახდა. მოგვიანებით ის 2021 წელს თანა-შოურანერი, ხოლო 2024 წელს ერთადერთი შოურანერი გახდა. მას ექვსი ემის ჯილდო აქვს მოგებული. „ჩვენ არასდროს ვცდილობთ რაიმეს პროგნოზირებას“, - თქვა სელმანმა. „ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ ისტორიას, კაცობრიობას, წარსულს, კულტურას“.