2024 წლის ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმ „ეშმაკისეული აღზევების“ (Evil Dead Rise) რეჟისორმა ლი კრონინმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის ფარგლებშიც ის „ატომიკ მონსტერის“ (Atomic Monster), „ბლუმჰაუს პროდაქშენსის“ (Blumhouse Productions) და „ნიუ ლაინ სინემასთვის“ (New Line Cinema) ახალ ჟანრულ პროექტს დაწერდა და გადაიღებდა. იმავე წლის დეკემბერში გაირკვა, რომ ეს იდუმალი პროექტი „მუმიის“ კონცეფციის სრულიად ახალი ვერსია იყო. კრონინმა დაადასტურა: „ეს არ იქნება ისეთი „მუმიის“ ფილმი, როგორიც აქამდე გინახავთ. მე ღრმად ჩავდივარ მიწაში, რათა ზედაპირზე ამოვიყვანო რაღაც უძველესი და ძალიან შემზარავი.“ ფილმის კინოთეატრებში გამოსვლა 2026 წლის 17 აპრილს არის დაგეგმილი. ამ თარიღის სწრაფი მოახლოების ფონზე, ლი კრონინის „მუმიის“ სრულფასოვანი ტრეილერი გამოქვეყნდა. შეგიძლიათ იხილოთ ის თანდართულ ვიდეოში! ლი კრონინის „მუმიაში“ მთავარ როლებს ასრულებენ: ჯეკ რეინორი („ზაფხულის მზედგომა“), ლაია კოსტა („ვიქტორია“), მეი ქალამავი („მთვარის რაინდი“), ვერონიკა ფალკონი („სამხრეთის დედოფალი“), ჰაიატ ქამილი („ვიკინგები: ვალჰალა“) და მეი ელგეტი („შეჯახება“). აღსანიშნავია, რომ ვინაიდან პროექტი „ნიუ ლაინ სინემაში“ მზადდება, ამ „ახალ ხედვას უძველეს მუმიფიცირებულ უკვდავზე“ არაფერი აქვს საერთო „Universal“-ის კლასიკურ საშინელებათა ფრენჩაიზთან. 2024 წლის მაისში გავიგეთ, რომ „Universal“-ში „მუმიის“ სამი პროექტი მუშავდება, მათ შორის პრიკველი, რომელზეც სცენარისტი უეს ტუკი მუშაობს, და ბრენდან ფრეიზერის ფილმების გაგრძელება (ესენია: „მუმია“ 1999, „მუმია ბრუნდება“ და „მუმია: დრაკონის იმპერატორის სამარხი“). ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ფრეიზერი და რეიჩელ ვაისი ბრუნდებიან ფილმ „მუმია 4“-ისთვის, რომელსაც „რადიო საილენსი“ (Radio Silence) გადაიღებს დევიდ ქოჯეშელის სცენარის მიხედვით. გთავაზობთ სიუჟეტის მოკლე აღწერას: ჟურნალისტის ახალგაზრდა ქალიშვილი უკვალოდ ქრება უდაბნოში – რვა წლის შემდეგ, განადგურებული ოჯახი შოკირებულია, როდესაც ის უბრუნდებათ მათ, რადგან ის, რაც ბედნიერ შეხვედრად უნდა ქცეულიყო, ცოცხალ კოშმარად იქცევა. ლი კრონინის ფილმის თანადაფინანსებას „ატომიკ მონსტერი“ და „ბლუმჰაუსი“ ახორციელებენ. ჯეიმს ვანი პროდიუსერობას უწევს ჯეისონ ბლუმთან და ჯონ ქევილთან ერთად. მაიკლ კლირი, ჯადსონ სკოტი და მაკდარა ქელეჰერი აღმასრულებელი პროდიუსერები არიან. ალაინა გლასტალი „ატომიკ მონსტერის“ პროექტის ზედამხედველი აღმასრულებელია. კრონინის კომპანია „დოპელგანგერსიც“ (Doppelgängers) პროდიუსერია. ტრეილერის მიხედვით, ეს შეიძლება იყოს ყველაზე შემზარავი მუმიის ფილმი, რაც კი ოდესმე შექმნილა. რას ფიქრობთ ლი კრონინის „მუმიის“ ტრეილერზე? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში.